ნათია კაპანაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელი.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უფრო ზუსტად, ვაჟა სირაძის მამამ, მოსამართლე შოთა სირაძემ დღეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა – აჭარის ტელევიზიის და რადიოს საქმეზე სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, დირექტორის დევნა, მოგონილი და უსაფუძვლო ბრალდებების აბსურდი კიდევ ერთხელ ცნო ლეგიტიმურად საქართველოს სახელით“, – წერს ნათია კაპანაძე სოციალურ ქსელში.

მისი სარჩელი თავდაპირველად ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე მოითხოვდა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. ნათია კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ამ საქმეზე პირველი სხდომა ორი წლის შემდეგ ჩაინიშნა. საია მიუთითებდა, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდებოდა.