ნათია თურნავა: ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს

პუბლიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მტკიცებით, ეროვნული ბანკისთვის „მნიშვნელობა არ აქვს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს“.

სებ-ის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც სანქციების აღსრულების წესი გამონაკლისის სახით შეიცვალა და შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშების გაყინვის ვალდებულება მოიხსნა, ნათია თურნავამ განმარტებების გაკეთება სცადა.

მისი თქმით, ცვლილება ეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს.

„აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიბმა კონკრეტული პირის დაცვასა და ან სანქციებიდან თავიდან არიდებაზე არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა.

ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ეროვნული ბანკი, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

ჩვენი ვალდებულება არის საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი”. – თქვა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების შესახებ გახდა ცნობილი, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად”.

თუმცა, მომდევნო დღეს სებ-მა გადაწყვეტილება შეცვალა.

თურნავას დღევანდელი განმარტებით, გუშინდლამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის სანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია.

სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშენკოს, რომელიც პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსია, დაკავშირებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და არის FSB-ის ოფიცერი.

აშშ-ის განცხადებით:

„ალექსანდრ ონიშენკომ და რუსულმა FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.