საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, „რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.“
„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით”, – განაცხადა გავრცელებული ინფორმაციით ნათია თურნავამ.
გასულ კვირაში, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდა.
ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი აღნიშნული ბრძანების შემდგომ, ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცეპრეზიდენტებმა. კომერციულმა ბანკებმა კი განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო რეგულაციებს დაემორჩილებოდნენ.
ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.