ნათია თურნავამ დაჭრილი პოლონელი ტურისტი საავადმყოფოში მოინახულა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 5 ივლისს, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოინახულა.

თურნავას თქმით, „მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის“.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თურნავას თქმით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ტურისტებთან დამოკიდებულებაში ქვეყანაში არსებულ სურათს. მისივე თქმით, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ფაქტზე და შემთხვევა, რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან, ბოლომდე გამოძიებულია.

„გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის“, – განაცხადა თურნავამ


თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტი 5 ივლისს დაჭრეს. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ თვითმხილველმა განუცხადა, ტურისტს თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, საყურის ტარების გამო.

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტურისტის დაჭრის ფაქტს დღეს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეც. მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ ინციდენტს კავშირი აქვს თბილისი პრაიდთან.