NATO აძლიერებს მხარდაჭერას საქართველოსა და სხვა პარტნიორებისადმი - ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება

პუბლიკა

ბუქარესტში შეხვედრის შემდეგ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ალიანსისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ალიანსის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსადმი.

„იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას NATO-ს პარტნიორების – ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. NATO აძლიერებს მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის, შესაძლებლობების განვითარებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად.

ჩვენ ვინარჩუნებთ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოსა და უკრაინისათან დაკავშირებულ ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღესაც შეიკრიბებიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში, შეხვედრას ფინეთის, შვედეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციასაც გამართავს.