„NATO აგრძელებს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართ“, – განაცხადა NATO-ს გენერალურ მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრის დაწყებისას იენს სტოლტენბერგი მიესალმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს და განაცხადა, რომ დღეს მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხეშია. მისი თქმით, მოსკოვიდან არის ნიშნები, მოლაპარაკებები დიპლომატიურ ჭრილში გაგრძელდეს. თუმცა მან დაამატა, რომ ჯერ არ ჩანს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის ნიშნები.
„რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა ევროპული უსაფრთხოების პრინციპების უგულებელყოფა და მისი უნარი და სურვილი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად იბრძოდნენ, რომ პრობლემა დიპლომატიური გზებით გადაჭრილიყო. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობით. NATO აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მზარდი გამოწვევების ფონზე რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც NATO-სთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.
„შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.