დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას დეტალურად იქნა განხილული რუსეთსა და ალიანსს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა საუბრის შემდეგ.
ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის NATO-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.
ასევე, საგარეო უწყების ინფორმაციით, გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე NATO აქტიურ კონსულტაციებს გადის უკრაინასა და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან.
NATO-რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის თავმოყრისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დაიგეგმა. სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ისინი მოისმენენ რუსეთის შეშფოთებებს, თუმცა რუსეთსაც მოუწევს მის ქმედებებთან დაკავშირებით ალიანსის შეშფოთებების მოსმენა.
მოსკოვში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა იმ პოზიციამ, რომ NATO-მ აღმოსავლეთით გაფართოება უნდა შეყწვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი თავის პოზიციას დაიცავს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ალიანსი რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, რაც მათ შეშფოთებას იწვევს.