NATO აშშ-ს უჭერს მხარს – სტოლტენბერგი

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალიანსის წევრებს ბაღდადში ჩატარებული ოპერაციის დეტალები გააცნო და NATO აშშ-ს მხარს უჭერს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ალიანსის შეხვედრა დღეს გაიმართა. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, მათ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციით გააცნეს ირანელი გენერლის, სოლეიმანის აფეთქების შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათი მტკიცებით, ორსაათიანმა შეხვედრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და ალიანსის წევრებს აშშ არ გაუკრიტიკებიათ, მათ შორის, არც მიზანში ამოღებული ირანული ობიექტების სია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა ირანს თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდა. „ჩვენ ერთიანები ვართ პოზიციაში, რომლითაც ვგმობთ ირანის მხარდაჭერას არაერთი ტერორისტული ორგანიზაციისადმი. დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა თავშეკავებისა და დეესკალაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც, ირანმა თავი უნდა შეიკავოს დამატებით ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ირანში კი ამერიკელების მოკლული ყასიმ სოლეიმანი დღეს დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიას აიათოლა ხამეინი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი და ასი ათასობით მოქალაქე დაესწრო. ყუდსის ძალების ლიდერი ორგანიზაცია „ყატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად ბაღდაღის აეროპორტის მიმდებარედ ამერიკელებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან გასროლილი რაკეტით ააფეთქეს. მანამდე პროირანულმა ძალებმა ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაარბიეს. თავდასხმას ამერიკის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. თეთრი სახლის მტკიცებით, ამ თავდასხმის უკან სოლეიმანი იდგა, რომელიც ამერიკელებზე უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ თავდასხმას გეგმავდა.