ფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო მომავალ წელს ფინეთში ახალ სახმელეთო სარდლობას შექმნის, რუსეთის საზღვართან. სარდლობას დაევალება ალიანსის სახმელეთო ძალების ოპერაციების წარმართვა ჩრდილო ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.
ფინეთი ალიანსს გასულ წელს შეუერთდა 2022 წელს მეზობელი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ.
„დღეს დილით გადავწყვიტე, რომ ჩვენ შევთავაზებთ ნატოს სარდლობის შექმნას მიკელში არმიის შტაბთან ერთად“, – თქვა მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
მინისტრმა ამ თემაზე ივნისშიც ისაუბრა და თქვა, რომ ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ პოლიტიკური თანხმობა გამოხატა.
ცენტრი, იმუშავებს ალიანსის აშშ-ში დაფუძნებული ნორფოლკის ერთობლივი ძალების სარდლობის ქვეშ და ფინეთის სახმელეთო ძალების სარდლობასთან ერთად, რომელიც უკვე მდებარეობს მიკელში, ფინეთ-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე.
ჰაკანენმა, პრესკონფერენციაზე საუბრისას, თქვა, რომ თავდაპირველად დანაყოფის წლიური ბიუჯეტი იქნება 8,5 მილიონი ევროს ოდენობით.
პარასკევს იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას ფინეთის არმიის სარდალმა პასი ვალიმაკიმ თქვა, რომ ახალი დანაყოფის გეოგრაფიული არეალი მოგვიანებით გადაწყდება, მაგრამ თავდაპირველად ის ზედამხედველობას გაუწევს სახმელეთო ძალების ოპერაციების დაგეგმვას სკანდინავიის რეგიონში.