NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა და ევროკავშირის ქვეყნებმა მინსკში სამოქალაქო თვითმფრინავის ძალის გამოყენებით დასმისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტისა და აქტივისტის დაკავების გამო ბელარუსის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს.
ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, გუშინ მინსკში ძალის გამოყენებით დასვა.
ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.
საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ერთი მგზავრის გამოკლებით.
ბელარუსელმა სამართალამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, რომან პროსტასევიჩი.
პროსტასევიჩმა ბელარუსი 2019 წელს დატოვა. ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ციხანოუსკასიას თქმით, მას თავისი საქმიანობის გამო ბელარუსში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლება ემუქრება, რომელიც სასიკვდილო განაჩენსაც ითვალისწინებს.
ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება დასავლეთისგან. ბალტიის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ბელარუსის ცამ უსაფრთხო ზონის სტატუსი უნდა დაკარგოს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩსის თქმით, ბელარუსში უნდა გაუქმდეს ყველა საერთაშორისო ფრენა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო თვითმფრინავის ძალის გამოყენებით შეჩერება იყო სახელმწიფო ტერორის აქტი და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ბელარუსის შესაძლო პასუხისმგებლობის განხილვა დააანონსა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მისი თქმით, ევროპულ საბჭოში იმსჯელებენ „ამ უპრეცედენტო შემთხვევაზე“ და ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებას შედეგები აუცილებლად მოჰყვება.
აშშ-ის ელჩმა ბელარუსში ჯული ფიშერმა ლუკაშენკას მოქმედებას „შემზარავი“ უწოდა. ხოლო NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „სერიოზული და სახიფათო ინციდენტი“.
ბელარუსის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
გუშინ მინსკში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„ჩვენ მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვებას დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ მის ბორტზე მყოფი მოქალაქეების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ფრენის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.