NATO-ს ძალებმა რუმინეთი და ბულგარეთი უნდა დატოვოს - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკვე წამოყენებულ წინაპირობებთან ერთად NATO-სგან მოითხოვს, რომ ალიანსის სამხედრო ძალებმა რუმინეთი და ბულგარეთი დატოვონ.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე განაცხადა.

შეკითხვაზე – თუ რას გულისხმობდა მინისტრი ალიანსის ჯარების მიერ ბულგარეთისა და რუმინეთის დატოვებაში – ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის სამხედრო შეიარაღება და ინფრასტრუქტურა, რომელიც არ ეკუთვნის უშუალოდ ამ ქვეყნებს, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან უნდა გაიტანონ, ასევე ეს ქვეყნები უნდა დატოვოს მოკავშირეთა ყველა სამხედრომ.

მოსკოვს NATO-სგან დოკუმენტურად დადასტურებული გარანტიების მიღება სურთ, რომ ალიანსი შეწყვეტს აღმოსავლეთით გაფართოებას – არასდროს მიიღებს თავის რიგებში უკრაინასა და საქართველოს; ასევე მოითხოვენ, რომ NATO-ს სამხედრო ძალები დაუბრუნდნენ ალიანსის  1997 წლის საზღვრებს.

1997 წლის შემდეგ NATO აღმოსავლეთით რამდენჯერმე გაფართოვდა. ალიანსში შევიდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ბალკანეთის ქვეყნების ნაწილი.

რუსეთის ულტიმატუმზე და უკრაინის საკითხზე სასაუბროდ ლავროვი და ბლინკენი დღეს ჟენევაში შეხვედრას გამართავენ. ლავროვთან შეხვედრამდე ბლინკენი უკრაინის ხელისუფლებასა და გერმანელ კოლეგებს შეხვდა.

ბლინკენმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამ შეხვედრიდან რაიმეს გარღვევას არ ელის, მაგრამ იმედოვნებს, რომ დიპლომატიური გზებით დეესკალაციისკენ ნაბიჯი გადაიდგმება. ლავროვის თქმით კი, მათ მხოლოდ თავიანთი მოთხოვნების განხილვა უნდათ და სურთ, მოისმინონ მათზე დასავლეთის პასუხი.