NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტე დამტკიცდა

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დაამტკიცა. ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის და თანამდებობას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან დაიკავებს.

ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა სწორედ ოქტომბერში ეწურება – ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ, მარკ რუტეს სხვადასხვა მიმართულებით მოუწევს კონცენტრაცია, მათ შორის ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ამასთან, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, რუტეს მოუწევს NATO-ს მიმართ ტრამპის სკეპტიციზმთან მუშაობაც.

ფაქტს გამოეხმაურა მარკ რუტე. მან აღნიშნა, რომ NATO-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მან მხარდაჭერისთვის ყველა მოკავშირეს მადლობა გადაუხადა.

„ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა არის პასუხისმგებლობა, რომელსაც მსუბუქად არ ვუყურებ.

მე მადლობელი ვარ ყველა მოკავშირის, რომ ნდობა გამომიცხადეს. მოუთმენლად ველი ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც NATO-ს გამორჩეული ლიდერი იყო 10 წლის განმავლობაში, მისით მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი”, – წერს რუტე.

მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ქვეყნების ლიდერები.

„მე თბილად მივესალმები ნატოს მოკავშირეების არჩევანს. მარკ რუტე, როგორც ჩემი მემკვიდრე. მარკი არის ნამდვილი ტრანსატლანტიკოსი, ძლიერი ლიდერი და კონსენსუსის შემქმნელი. ვუსურვებ მას წარმატებებს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს გაძლიერებას. ვიცი, რომ ნატოს კარგ ხელში ვტოვებ”, – წერს NATO-ს მოქმედი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

„ვულოცავ მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს იენს სტოლტენბერგის შრომას ნატოს ძლიერებისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად, როცა ჩვენ ვმუშაობთ კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად”, – წერს ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი.

„თქვენი ლიდერობა და გამოცდილება გადამწყვეტი იქნება ალიანსისთვის ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ევროკავშირი-ნატოს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.