NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 18 მარტს თბილისში ჩამოვა. სტოლტენბერგი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა. მისი სამხრეთ კავკასიური ტურნე 17 მარტს ბაქოდან დაიწყება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, 17 მარტს გაიმართება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა. 18 მარტს ბაქოშივე სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება, რის შემდეგაც ის თბილისში გამოემგზავრება.

საქართველოდან იენს სტოლტენბერგი სომხეთში წავა, ის 19 მარტს ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდება.