NATO-ს პრესსპიკერი ფარა დახლალა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იყოს გამოძიებული.
„საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი.
არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იყოს გამოძიებული“, – ნატოს პრესსპიკერი.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.
ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.
4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.
27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.