NATO-ს რესურსები შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის გამოიყენონ

პუბლიკა

NATO-ს რესურსები შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის გამოიყენონ.

ინფორმაციას გამოცემა Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინადადების თანახმად, ძალები ასევე გამოიყენებენ ალიანსის საერთო სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ეს წინადადება ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სავარაუდო გეგმიდან, რომელიც ბრიტანეთისა და საფრანგეთის „მსურველთა კოალიციაში“ განიხილება, თუმცა მათივე ცნობით, შეიძლება შეიცვალოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა ნებისმიერ ევროპულ მისიაში მონაწილეობაზე, თუმცა აშშ-ის სამხედრო რესურსები ევროპაში NATO-ს ყველა ოპერაციის განუყოფელი ნაწილია.

„თუ ჩვენ ვაპირებთ [უკრაინაში] რესურსების განთავსებას ათობით ქვეყნიდან, მაშინ NATO ნამდვილად არის სარდლობის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ“, – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

NATO-ს სამეთაურო და საკონტროლო სტრუქტურები და სხვა რესურსები შეიძლება, რომ გამოყენებულ იქნას სხვა მისიებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მიერ მართული მისიებისთვის, მაგრამ მას წევრების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.