NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო რუსულ კანონზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონი ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მისწრაფებებსა და ღირებულებებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას” და მთავრობამ კანონს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უკან უნდა გაიწვიოს.
„თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში წერია ისიც, რომ დემოკრატიული ღირებულებები NATO-ს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა არის აუცილებელი პირობა ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის.
ასევე, მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კანონის უკან დაბრუნებით „დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება”. აღნიშნულია, რომ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ „მიუღებელი ძალადობით უპასუხა”, ასევე, „უგულებელჰყვეს უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები”.
„ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს. კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.
საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ, NATO-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნა მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ.
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო – ევროკავშირსა და NATO-ში. მათ ეს კანონპროექტი მამაცურად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ დიალოგს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და NATO-ში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ პირობით, რომ NATO-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში.
საერთო დემოკრატიული ღირებულებები NATO-ს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა NATO-ში გაწევრიანებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.