საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ.
სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ დევიდ კეტლერმა და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლა ძანელიმ.
„საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით. ევროკავშირში განაცხადიც სწორედ ამ საერთო ღირებულებითი და კულტურული იდენტობისკენ მისწრაფების გამოხატულებაა. მინდა, კიდევ ერთხელ, სწავლებაში მონაწილე ყველა პირს გადაგიხადოთ მადლობა, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მთელი რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის ომის გამო რეგიონში შექმნილი ვითარების კონტექსტში ნატოს წვრთნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. დღეს ვიცით, რომ ერთი თვე სრულდება უკრაინაში იმ ომის დაწყებიდან, რომელსაც ასე მედგრად დაუდგა წინ უკრაინა და ვიცით, რომ გუშინ კონტრიერიში წარმატებულად დასრულდა. ვიცით, რომ დღეს ტარდება ბრიუსელში ნატოს წევრების სამიტი, რომლებიც სწორედ იმაზე მსჯელობენ თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები და ეს ჩვენც გვეხება. საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო სწავლება, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და საველე არ არის. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. საშტაბო სწავლების დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. ეს არის ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში რიგით მესამე სწავლება, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.