აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას NATO-ზე ისაუბრა და თქვა, რომ როგორც პრეზიდენტობის დროს განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის წევრები ფინანსურ ვალდებულებებს არ შეასრულებდნენ, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან აშშ მათ არ დაიცავდა. მეტიც, ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ მსგავსი სცენარის დროს, შესაძლოა, რუსეთი „წაეხალისებინა” კიდეც.
მის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი – მისი თქმით, ნებისმიერი განცხადება იმაზე, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ ალიანსის უსაფრთხოებას უთხრის ძირს.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ აშშ NATO-ს ძლიერ პარტნიორად დარჩება იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში”, – აღნიშნა მან.
ტრამპის განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „წინდაუხედავი” უწოდა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება.
„ამ განცხადებას არ მოაქვს არავითარი უსაფრთხოება თუ მშვიდობა მსოფლიოში. ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა განავითაროს თავისი სტრატეგიული ავტონომია და განახორციელოს ინვესტიცია თავდაცვაში”, – დაწერა მიშელმა.
ამას სოციალური ქსელის პოსტით გამოეხმაურა გერმანიის საგარეო ოფისიც და დაწერა:
„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის”.
განცხადებები დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც და აღნიშნა, რომ NATO ვერ იქნება აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე დამოკიდებული სამხედრო ალიანსი.