ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთის მისია სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება - თალაკვაძე

პუბლიკა

ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთის მისია 2021 წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება.

ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ამ მისიის ფარგლებში მსახურობენ, ნატოსთან შეთანხმებული განრიგით ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.

„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, საქართველო, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ქვეყანა, შეთანხმებული გრაფიკით, მის ქვედანაყოფებსაც გამოიყვანს ავღანეთიდან.

მინისტრი შეფასებით, ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო წარმოაჩინა როგორც მტკიცე მოკავშირე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს შტატების ჯარებთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.