ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა - უკრაინელი დეპუტატი

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესი რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ცნობით, მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსი კრიმინალების დასასჯელად. ეგორ ჩერნევის ცნობით, ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებას. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნება ნატოს ყველა წევრის მთავრობებსა და პარლამენტებს“, – განაცხადა ჩერნევმა.

მისივე თქმით, რეზოლუცია უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს:

  • უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა;
  • უკრაინის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება;
  • უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა.

ჩერნევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუცია ითვალისწინებს პრინციპს, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ტრიბუნალის შექმნასთან, რეპარაციების გადახდასთან  და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იღებს მხარდაჭერას უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმებზე.

„კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ომის დანაშაულებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, და აგრესიისთვის სასჯელი გარდაუვალი იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – დასძინა ჩერნევმა.