ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ოქმებს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მიღების შესახებ.
შემდეგ ეტაპზე ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მისაღებად ნატოს თითოეული წევრის საკანონმდებლო ორგანომ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.
„გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა ალიანსის თითოეული წევრის მხრიდან რატიფიცირების პროცესი იწყება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აქამდე თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი თავშესაფარს აძლევდნენ ქურთ აქტივისტებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლიდა. თუმცა მოგვიანებით თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრებას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს.