ნატროშვილი პროკურატურაზე: სწორედ ესაა საბოტაჟი - ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი „ფორმულას” ეთერში გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

ნატროშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ანაგარიშების დაყადაღების მოლოდინი რეპრესიული კანონის, FARA-ს ფარგლებში ჰქონდათ. თუმცა, პროკურატურის გააქტიურებას არ ელოდნენ.

„ქართული ოცნების” პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ისIDFI-ისGDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება”.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.

პროკურტურა დანაშაულად მოიაზრებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა იურიდიული დახმარების გაწევასაც.

„სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება, იურიდიული დახმარების გაწევა იყოს დანაშაული. ჩვენი ორგანიზაცია უკვე არაერთი წელია, უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებიც მომართავენ ორგანიზაციას. ჩვენ ამას ღიადაც ვამბობდით და ამის შესახებ ანგარიშებიც გვაქვს გამოქვეყნებული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ფარგლებში იყვნენ სხვადასხვა გზით რეპრესირებულები – ზოგი დაპატიმრებული, ზოგი დაჯარიმებული – მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთო ქსელი გვქონდა შექმნილი და მათ ვეხმარებოდით.

იურიდიული დახმარების გაწევა არის ჩვეულებრიდი საქმე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ათეული წლებია, ამ ქვეყანაში აკეთებენ.

რაც შეეხება ნივთების შეძენას და ა.შ – ჩვენი ორგანიზაციის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არავისთვის არაფერი არ გვიყიდია, ერთადერთი – როცა აქციები ძალადობრივად იშლებოდა, ჩვენ თანამშრომლებს 30-მდე აირწინაღი და სათვალე ვუყიდეთ, რომ არ დაზიანებულიყვნენ. ორგანიზაციის თანამშრომლებიც მოქალაქეები არიან და ისინიც მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. მე თავდაც იქ ვიყავი. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არ დაიხრჩონ გაზისგან. სხვა არანაირი ქმედება, ხარჯი, ჩვენს ორგანიზაციას არ გაუწევია. როგორ შეიძლება, ეს აღქმულ იქნას ძალადობრივი ქმედებების წახალისებად”. – თქვა ლევან ნატროშვილმა „ფორმულას” ეთერში.

მისივე განცხადებით, პროკურატურის დღევანდელი ნაბიჯი არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების კიდევ ერთი მცდელობაა.

ნატროშვილი ყურადღებას ამახვილებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ დაწესებულ ბოლო ვადაზე.

„ძალიან ცუდად დაემთხვა ეს პროცესი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს. სწორედ ეს არის საბოტაჟი და არა ის, რაც იმ განცხადებაში წერია. ამ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით. გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს და მერე თქვან, რომ ეს იმიტომ გაგვიჩერეს, რომ ვიღაცები დავსაჯეთ.

ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად კარგად აანალიზებს პროცესებს, ხვდება, რომ „ქართული ოცნების” ბრალია, რაც დღეს ქვეყანში ხდება, მათ შორის, ის პოტენციური ნაბიჯი, რაც შეიძლება, ევროკავშირის მხრიდან გადაიდგას”. – ამბობს ლევან ნატროშვილი.