სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი განმარტავს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის რუსულ და დასავლურ ქვეყნებში არსებულ ვერსიებს ერთმანეთისგან განასხვავებს.
ნატროშვილის თქმით, მსოფლიოში მოქმედი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონები ორ მსხვილ ჯგუფად იყოფა, რომლებიც წარმოადგენს დემოკრატიულ ქვეყნებში, მოქმედ კანონებს (მაგალითად, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის კანონი, ავსტრალია და ა.შ.) და არადემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედ კანონებს (რუსეთი, ყირგიზეთი, ელ სალვადორი, უნგრეთი (გაუქმებული) და ა.შ.)
ლევან ნატროშვილის განმარტებით, პირველი ჯგუფის ქვეყნებში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის ან აგენტის სტატუსი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა და როგორც წესი, ეს ძალიან მცირე რაოდენობის ორგანიზაციას და ინდივიდს ეხება.
„პირველი ჯგუფში შემავალ კანონებს ის ახასიათებს, რომ ისინი მიმართულია:
1) ძირითადად უცხო ქვეყნის ლობისტური ან სარეკლამო საქმიანობის რეგულირებაზე და არა ყველანაირი საქმიანობის. ანუ უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენ სადმე რეგისტრირების ვალდებულება გიჩნდება. დაფინანსებასთან ერთად, შენ ამავე დროს პირდაპირ უნდა ატარებდე დამფინანსებელი ქვეყნის ინტერესებს და აქ, როგორც წესი, დიფერენცირება არ ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, მედიაორგანიზაცია, ბიზნესი თუ სხვა რამ. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იქნება, რომ ლობირებდე დამკვეთი ქვეყნისთვის სავაჭრო პრეფერენციებს. ანუ შენ თუ, მაგალითად, თანხას იღებ იმაში, რომ დაწერო კვლევა სასამართლოზე, სამართლებრივი დახმარება გაუწიო მოსახლეობას, დააკვირდე არჩევნებს, გასცე სასწავლო გრანტები და ა.შ. მაშინ ვერ იქნები მიჩნეული სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლად.
2) მტრული ან არამეგობრული ქვეყნიდან წამოსული ფულის დასარეგულირებლად. ანუ ასეთი კანონებით შეიძლება გარკვეული რეგულაციები დაწესდეს არამხოლოდ ლობისტური/სარეკლამო საქმიანობაზე, არამედ სხვა ტიპის აქტივობებზე, თუკი ეს ქვეყანა არ არის შენი პარტნიორი და შემჩნეულია შენს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“, – წერს ლევან ნატროშვილი.
რაც შეეხება არადემოკრატიულ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს:
„1) დაარეგულიროს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის ან აგენტის სტატუსი მიაკეროს, თითქმის ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით იღებ ფულს, მართლა უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, თუ, მაგალითად შენს სოფელში ბიბლიოთეკის მოსაწყობად. ეს პრობლემური იმიტომ არის, რომ რეალურად შენ შეიძლება გაკრავდნენ უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლა არაფერს მსგავს არ აკეთებ. ასევე, ამ ყველაფერს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე შენი სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და დევნა. უკიდურეს შემთხვევაში კი, გაცილებით სერიოზული შეზღუდვების შემოტანა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ასეთი ორგანიზაციების / ინდივიდების საქმიანობას. სწორედ ეს არის ხოლმე ამ ტიპის კანონების მიზანი და არა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
2) ისეთი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად არ არიან შენს მიმართ მტრულად განწყობილი და მხოლოდ იმიტომ ახდენ მათ დემონიზებას, რომ არ გსურს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და გეშინია, ამ ფულით შენს ძალაუფლებას არ შეექმნას საფრთხე“, – წერს ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონი მეორე ჯგუფის კანონებს მიეკუთვნება, რადგან კანონპროექტის მიხედვით, რეალურად არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას საქმიანობს, ასეულობით ორგანიზაცია ავტომატურად ჩაითვლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად, რაც ადასტურებს, რომ ინიციატივა არა ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას, არამედ მათ სტიგმატიზებას და სახელის გატეხას ემსახურება.
ამასთან, ნატროშვილის განცხადებით, „ოცნების“ ინიციატივა ექსკლუზიურად მიმართულია საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსების წინააღმდეგ და არა მტრულად განწყობილი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
„1. ეს კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის (წინა ვერსიით აგენტის) იარლიყს აკრავს თითქმის ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად ვინ რას საქმიანობს, ასეულობით ორგანიზაცია ავტომატურად ჩაითვლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად, რაც, როგორც მინიმუმ, ღირსების შემლახველია. ეს იმას ადასტურებს, რომ რეალურად ამ ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას კი არ ემსახურება ეს ინიციატივა, არამედ მათ სტიგმატიზებას და სახელის გატეხას. ვინმეს თუ მართლა გამჭვირვალობა ადარდებს, მიუხედავად ამისა რომ ამის საჭიროება არ არსებობს, მაინც შესაძლებელი იყო, უბრალოდ ფინანსების დეკლარირების რაღაც დამატებითი ფორმები შემოღებულიყო ყოველგვარი უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიკვრის გარეშე. ასევე, აქ ყველაზე კომიკური ის არის, რომ უცხოეთიდან საქართველოში შემოსული დაფინანსების ლომის წილს სახელმწიფო ინსტიტუტები იღებენ. ანუ რა გამოდის, ის, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში და თან უფრო მეტ თანხას იღებს უცხოეთიდან, ის არ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და ისინი, ვისაც არანაირი ფორმალური ძალაუფლება არ გააჩნიათ და მათ მიერ მიღებული თანხები შეუდარებლად უფრო მცირეა, ისინი ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს.
2. ქართული/რუსული კანონი ექსკლუზიურად მიმართულია ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსების წინააღმდეგ და არა მტრულად განწყობილი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია. ასეთი დიფერენცირება კანონში არ ხდება, თუმცა ფაქტობრივად ეს ასეა, ვინაიდან დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი დაფინანსება ლეგალურად და გამჭვირვალედ მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან შემოდის, აბა რუსული ფული ისედაც არ ჩანს ლეგალური არხებით. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ სწორედ დასავლური ფულის რეგულირებას ემსახურება ეს კანონი“, – წერს ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილის შეფასებით, რუსული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომ საქართველო გახდეს განვითარებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.