ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე წერს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში და „ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია”.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი.
„რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია.
მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტები მოყვა.
ხალხს დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს – არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად.
„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს.
ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში”, – წერს ნაუსედა.