ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია” არამხოლოდ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში დარღვევების გამო. ამის შესახებ ნაუსედამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ის დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებაზე საუბრობს, რადგან, მისი თქმით, „არ სჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება”.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არამხოლოდ შედეგით, არამედ უამრავი დარღვევის გამო საარჩევნო პროცესში. ეს შეშფოთების საგანია. ვერ ილაპარაკებ ერთდროულად, რომ გინდა ევროკავშირში გაწევრება და აკეთებ ყველაფერს, იღებ კანონებს, იყენებ შეურაცხმყოფელ რიტორიკას დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს.
ამიტომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, რომ მათ ეს შეუძლიათ.
ვფიქრობ, საჭიროა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება პროცესში. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს არის შემაშფოთებელი. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნებს შედეგი განსხვავებული იყო”, – განაცხადა ნაუსედამ.
შეკითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მიმართ, ნაუსედამ განაცხადა:
„საკმარისია მკაფიო სიგნალის გაგზავნა: მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს მიუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, სცილდებით ევროკავშირს.
ვფიქრობ, ეს სიგნალი მიღებული და გაგებული უნდა იყოს და იმედი მაქვს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, შეცვალოს კურსი, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავ დიდ ალბათობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა.
„რასაკვირველია, ყველა პროცესის უკან ეს პიროვნება დგას და ვხედავთ, რამდენად ღრმა და ინტენსიურია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები. ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ ასევე რუსეთის ფედერაციასთან მიახლოებაზე. შუა გზას ვერ აირჩევთ: მიდიხართ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ”, – განაცხადა ნაუსედამ.