ნაუსედა: საქართველოს ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი, არავის აქვს უფლება მათ ეს წაართვას

პუბლიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს მოქალაქეების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უთხრის ძირს.

„მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპულ აქციის მონაწილეებზე თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკან ხევს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება მათ ეს წაართვას”, – წერს ის.

1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ტყვიების გამოყენებას უარყოფს.