ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, თუ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, შესაძლოა, ველოდოთ დასავლურ გზას.
„საქართველოში ტარდება კრიტიკული მნიშვნელობის არჩევნები, იმიტომ, რომ საქართველო წყვეტს თავის მიმართულებასაც. თუ საქართველო შეინარჩუნებს სტატუს კვოს, არ მგონია, რომ ჰქონდეს შანსი, იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, შესაძლოა, ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ მას ძალიან მივესალმებით”, – თქვა გიტანას ნაუსედამ ევროპულ საბჭოში შეხვედრების დაწყებამდე.
17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრები იმართება – ევროპის ლიდერები იკრიბებიან, რათა ისაუბრონ უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთზე, მიგრაციისა და საგარეო საქმეთა საკითხებზე.
საქართველოს შესახებ მსჯელობა სწორედ საგარეო საქმეთა საკითხების ფარგლებში გაიმართება მოლდოვაში, ვენესუელასა და სუდანში მიმდინარე მოვლენებთან ერთად.
„ქართული ოცნების” წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ნაუსედას პასუხად ამბობს, რომ „არანორმალური სიტუაციაა, როცა სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში”.
„ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით:
„ეს არის საერთაშორისო ნორმების და პრინციპების დარღვევა. უმჯობესი იქნება, სხვებმაც სცენ პატივი საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს. ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს არ არის ლიეტუვას პრეზიდენტის გადასაწყვეტი“.