ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს - BBC

პუბლიკა

გერმანიის მთავრობის თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.

როგორც BBC წერს, ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა „უდავო მტკიცებულება“ იმისა, რომ  ნავალნი მოწამლულია „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური აგენტით.

2018 წელს რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალიც „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ისინი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.


რუსი ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-მა კომაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადასაყვანად რუსეთში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გააგზავნა. ომსკის საავამდმყოფოს ექიმები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გერმანიაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დიაგნოზის მიხედვით, რუსი ოპოზიციონერს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჰქონდა.

მოგვიანებით, ექიმებმა გერმანელ სპეციალისტებს ნავალნის გადაყვანის უფლება მისცეს და ის შაბათს, 22 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, გერმანიაში, კლინიკა Charité-ის ექიმებმა დაადასტურეს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს. ალექსეი ნავალნის ოჯახი და მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით.