ნავალნის დედა: მაშანტაჟებენ და შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას მთხოვენ

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია ვიდეომიმართვას აცხადებს, რომ მისცეს უფლება ენახა შვილის ცხედარი, თუმცა გამომძიებლები მას უყენებენ პირობას, რომ ნავალნი საიდუმლოდ დაკრძალონ. ნავალნაია მოითხოვს, რომ აღასრულონ კანონის და შვილის ცხედარი გადასცენ.

„სულ ახლახან გამოვედი საგამოძიებო უწყებიდან, თითქმის 24 საათი მარტომ გავატარე, გამომძიებლებთან ერთად. ადვოკატი მხოლოდ საღამოს შემოუშვეს. წუხელ საიდუმლოდ წამიყვანეს მორგში და ალექსეის ცხედარი მაჩვენეს. გამომძიებლები მიმტკიცებენ, რომ იციან გარდაცვალების მიზეზი, აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი. გარდაცვალების სამედიცინო მოწმობას ხელი მოვაწერე. კანონის მიხედვით, მათ ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად ისინი მაშანტაჟებენ, მიყენებენ პირობებს – სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი. ეს უკანონოა. ჩემ თვალწინ ისინი ბრძანებებს იღებენ კრემლიდან და ცენტრალური საგამოძიებო უწყებიდან. მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს საიდუმლოდ და მასთან დამშვიდობების გარეშე. უნდათ, რომ მიმიყვანონ სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავთან და მითხრან, „აქ არის დაკრძალული თქვენი შვილი“. მე ამაზე არ ვარ თანახმა. ვისთვისაც ალექსეი ძვირფასი იყო, ვისთვისაც მისი დაღუპვა პირადი ტრაგედიაა, მათ მინდა ვუთხრა, რომ მასთან გამომშვიდობების საშუალება ჰქონდეთ. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ დაიწყეს დამუქრება. თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, თუ ალექსეი საიდუმლოდ დაკრძალვაზე არ დავთანხმდები, მაშინ რაღაცას უზამენ ჩემი შვილის ცხედარს. გამომძიებელმა ვარაპევმა პირდაპირ მითხრა: „დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს, ცხედარი იხრწნება“, – აცხადებს ნავალნაია.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნაიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი «გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება». ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი მოკლულია.

ამასთან, ოჯახისთვის ნავალნის ცხედარი არ გადაუციათ და როგორც უთხრეს, კიდევ 2 კვირა არ გადასცემენ.