ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლა შვედურმა და ფრანგულმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს - გერმანიის მთავრობა

პუბლიკა

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, რუსი ოპოზიცონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საბჭოური ნერვული აგენტით – „ნოვიჩოკით“ მოწამვლა დამოუკიდებლად ფრანგულ და შვედურ ლაბორატორიებშიც დაადგინეს. ინფორმაციას The Reuters ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, შტეფან ზიბერტის განცხადებით, ნავალნისგან აღებული ნიმუშები გააგზავნეს ჰააგაშიც, სადაც ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია (OPCW) თავის ლაბორატორიებშიც შეამოწმებს.

„OPCW-ის გამოძიებისგან დამოუკიდებლად, სამმა ლაბორატორიამ ასევე დამოუკიდებლად დაადგინა, რომ ნავალნის მოწამვლის მიზეზი სამხედრო ნერვული აგენტი იყო“, – განაცხადა ზიბერტმა,

ნავალნის მოწამვლის მიზეზი რომ „ნოვიჩოკი“ გახდა, პირველად გერმანული კლინიკის „შარიტეს“ სამხედრო ექიმებმა დაადგინეს, სადაც პოლიტიკოსი ამჟამად მკურნალობს. ნავალნი რუსეთში მოულოდნელად გახდა ცუდად და საავადმყოფოში უგონო მდგომაროებაში შეიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის მოთხოვნით, კომაში მყოფი პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

კლინიკა „შარიტეს“ ექიმებმა ნავალნის ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეძლეს, პოლიტიკოსი გასულ კვირას კომიდან გამოვიდა.