ნავალნის პრეს-მდივანი: ის მოკლეს. ვითხოვთ, ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს ოჯახს 

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი მის სიკვდილს ადასტურებს.

ამასთან, აცხადებს, რომ ის მოკლეს.

კირა იარმიში X-ზე წერს, რომ ნავალნი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 წუთზე.

ასევე, იარმიში ითხოვს, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს.

„კოლონიის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ნავალნის ცხედარი ახლა სალეხარდშია გადაყვანილი და „გამოძიებას” ატარებენ.

ვითხოვთ, ალექსენი ნავალნის სხეული დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს”. – წერს პრეს-მდივანი.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. რუსული ჰოსპიტლიდან ის ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი – “ნოვიჩოკი” აღმოაჩინეს. რუსი ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო.

ის კომიდან იმავე წლის 15 სექტემბერს გამოვიდა.

2021 წლის 17 იანვარს კი რუსეთში დაბრუნდა. ის რუსეთში, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და მალევე „ექსტრემიზმისა და თაღლითობისთვის” 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წლის აგვისტოში მას ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებით პატიმრობა კიდევ 19 წლით გაუგრძელეს.

ის არქტიკული წრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სპეციალური რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა.

2023 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნის 20 დღეზე მეტხანს ვერ უკავშირდებოდნენ. ის 26 დეკემბერს გამოჩნდა.

ნავალნი ვლადიმირ პუტინის ოპოზიციაში 2011 წლიდან ჩადგა.

რუსულმა რეჟიმმა დააპატიმრა მისი მომხრეები და ადვოკატები.

ასევე, კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა მურზა უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკისთვის 2023 წლის აპრილში დააკავეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.