ნავალნის სიკვდილის შემდეგ კრასიკოვის გაცვლაზე გერმანიის ინტერესი შემცირდა - FT

პუბლიკა

Financial Times წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ ვადიმ კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით გერმანიის ინტერესი შემცირდა. გამოცემა ამას ამერიკელ და გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გუშინ ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრმა, ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარემ, მარია პევჩიხიმ განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილამდე მისი ვადიმ კრასიკოვიში გაცვლა იგეგმებოდა. ვადიმ კრასიკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სასჯელს გერმანიაში იხდის – მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

თუმცა როგორც გერმანიის ოფიციალური პირი გამოცემას ეუბნება, ნავალნის სიკვდილის შემდეგ გერმანია მიიჩნევს, რომ კრასიკოვის გაცვლა, დიდი ალბათობით, არ შედგება – სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, გერმანიის პოზიციაც არის, რომ რუსი ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. FT წერს, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

„მათ აღარავინ ჰყავთ მხედველობაში, ვისზეც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკვლელის გაცვლა ღირს”, – თქვა ამერიკელმა წყარომ.

ალექსეი ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ სიკვდილამდე ალექსეი ნავალნის გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. როგორც მარია პევჩიხიმ თქვა, პატიმრების გაცვლის გეგმაზე წინადადება ვლადიმერ პუტინს რომან აბრამოვიჩმა წარუდგინა. პევჩიხის ცნობით, 15 თებერვალს მან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები „ბოლო სტადიაზე” იყო, თუმცა მეორე დღეს ნავალნი გარდაიცვალა.

ვადიმ კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით პუტინს ინტერესი აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს – მიმდინარე თვის დასაწყისში Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მისი გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მზად არის და მიანიშნა, რომ ამისთვის მათ გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება სურთ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი მოკლულია.