ნავალნის თანაგუნდელი: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოდ განვიხილავთ

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი ვლადიმირ მილოვი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც [2008] და დღესაც გმობს“.

2008 წელს ნავალნი რუსულ სამხედრო ძალებს მხარს უჭერდა და ქართველებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა. მოგვიანებით, 2013 წელს მან ქართველების „მღრნელებად“ მოხსენიებას შეცდომა უწოდა და ბოდიში მოიხადა, თუმცა დასძინა, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „მისი განცხადებების ნაწილზე საქართველოს მიმართ, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაწილზე ამბობს, რომ იგივე პოზიციაზე რჩება. შეიცვალა, მისი პოზიცია თუ არა?

ვლადიმერ მილოვი პასუხობს, რომ 2008 წელს ის და ნავალნი ამ საკითხზე ინტერნეტში ღიად ჩხუბობდნენ.

„ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს. „ფრიდომ ჰაუსმა“ 2008 წელს, საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს“, – აცხადებს მილოვი.

ვლადიმერ მილოვი ასევე აღნიშნავს, რომ  არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. „ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც“.