პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ლიუბოვ სობოლი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. სობოლმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში თქვა, რომ შემთხვევა აგვისტოში მოხდა.
სობოლის თქმით, აგვისტოს ბოლოს სომხეთში იმყოფებოდა, საიდანაც მცირე ხნით გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლაც, თუმცა უშედეგოდ.
„სომხეთიდან თვითმფრინავები ცუდად დაფრინავენ, საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასვლა უფრო მარტივია. მაგრამ როცა მანქანით საზღვარზე მივედი, გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ რაღაცას აკონკრეტებდნენ დოკუმენტებში. ვფიქრობ, მათ მონაცემთა ბაზაში ჩემი სახელის წინ რაღაც ნიშანი იყო, რადგან მესაზღვრე ქალმა საბუთების შემოწმებისას აშკარად დაინახა რაღაც ნიშანი.
ჩემი თანმხლები პირი მაშინვე შემოუშვეს, მე კი გამაჩერეს საზღვარზე0. ერთი საათის შემდეგ თანამშრომელი მოვიდა, ჩართო ვიდეორეგისტრატორი და მითხრა, რომ შემოსვლაზე უარი მეთქვა. ვცადე მიზეზის გარკვევა, მაგრამ მითხრეს, რომ მათ დახმარება არ შეეძლოთ. მთხოვეს უბრალოდ, „მოაწერეთ ქაღალდზე ხელი, რომ უარი გეთქვათ შესვლაზე“, – თქვა სობოლმა.
როგორც „დოჟდი“ წერს, სობოლის აზრით, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ურთიერთობების გაფუჭება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
„მე არ გამიკეთებია ისეთი რამ, რაც შეიძლება საქართველოს მიმართ მტრულ მოქმედებად ჩაითვალოს.
ცოტა ხნის წინ ვიდეორეპორტაჟი იყო, რომ არ უშვებდნენ ჟურნალისტ ილია აზარსაც. მაგრამ, ასე ჩანს, ის მანამდე აფხაზეთში იმყოფებოდა. მე არ ვყოფილვარ აფხაზეთში, არ ყოფილა სხვა რაიმე ისეთი ისტორია, რომელიც შეიძლებოდა არამეგობრულად მიეჩნიათ.
საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. მომწონს ეს ქვეყანა, კულტურა, ენა. ასეთი გადაწყვეტილება კი არასასიამოვნო და საკმაოდ შეურაცხმყოფელია, თუნდაც პირად დონეზე. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმიტომ, რომ მთავრობას და ხალხს, ვინც ქვეყნის სათავეშია, პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს“, – თქვა სობოლმა.