ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლების დადგმა დილიდან სცადეს, თუმცა ამის საშუალებას მუნიციპალური ინსპექცია არ აძლევს.
„ჩამოტანილი გვაქვს სოფლის ნობათი, რომელიც გვინდა რომ გავყიდოთ და არ გვიშვებენ იმიტომ რომ ჩვენი ნატურალური, ადგილობრივი ხორცი 12 ლარი ღირს, მაგრამ კარფურში შემოტანილი 22 ლარი ღირს. ის უნდა გაიყიდოს, ხვდებით ?! აქ კორონაზე და ხალხზე არაა საუბარი, აქ თავიანთ ბიზნესზეა საუბარი.“ – განუცხადა „მთავარ არხს“ ერთერთმა გარემოვაჭრემ.
„წლიდან წლამდე ამ დღეს ველოდებით, რომ ოჯახში ფული შევიტანოთ. აღდგომა დღე და ეს ახალი წლები მაქვს. წლიდან წლამდე ვწვალობ და ცოლ-შვილს ვინახავ. ერთადერთი შემოსავალი ეს მაქს.“ – ამბობს აქციის მონაწილე.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები გარევაჭრობაზეც ვრცელდება. 24 დეკემბრიდან ვაჭრობის უფლება მხოლოდ მაღაზიებს და დახურულ სავაჭრო ცეტრებს მიეცათ. ღია ბაზრობებზე ვაჭრობა აკრძალულია.