ნავთობმომპოვებელი კომპანიის „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 84 ყოფილი თანამშრომელი ხვალ, 25 დეკმებრს 13:00 საათზე დედოფლისწყაროს მერიის წინ საპროტესტი აქციას გამართავს.
„პუბლიკასთან” საუბრისას, ყოფილი თანამშრომელი შოთა მოსეშვილი აცხადებს, რომ 2018 წლიდან დღემდე ჯამში 11 თვის ანაზღაურება არ მიუღიათ, ამიტომ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად სამუშაო ადგილზე არ გამოცხადდნენ. მოსიაშვილის თქმით, სწორედ ეს გახდა 84 პირის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.
„წელს სულ სამჯერ მოგვცეს ხელფასი. ჩვენ კი საწარმო გავაჩერეთ, რადგან ნავთობი გაჰქონდათ, ყიდდნენ და ჩვენ კიდევ ხელფასს არ გვაძლევდნენ“, – აცხადებს მოსეშვილი.
კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ნახევარს სახელმწიფო ფლობს (სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“), დანარჩენ 50%-ს კი „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენ“.
„პუბლიკამ“ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ჰკითხა, ადასტურებენ თუ არა 11-თვიანი სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავზებთ.