„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ის პარტიას არ დატოვებს, თუმცა პოლიტსაბჭოს არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„არ დავტოვებ პარტიას, მაგის იმედი ნურავის ნუ აქვს; რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, მოგვიანებით გაიგებთ. მარტში პოლიტსაბჭოს არჩევნებია, გაიგებთ მაგის შესახებ. მე, დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას.
[ენმ] არ მგონია ორ ფლანგად გაიშალოს. დიდი პარტიაა და ალბათ გადანაწილება მოხდება მმართველ რგოლში. ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მოჰყავს თავისი გუნდი მართვაში“, – თქვა მან.
პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა და კენჭისყრა დღეს დილით 10 საათზე შეწყდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით წარმოებდა. დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესში 42 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.