ნაყოფიას თქმით, სააკაშვილის წერილებს ციხიდან ადვოკატების გარდა, სხვა ვეღარავინ გამოიტანს

პუბლიკა

„ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც ვერცერთმა მისმა მომხრემ ვერ ნახოს, ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა პირს, გარდა ადვოკატებისა, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალა.

„მასთან მიმსვლელ პირებს უკვე წერილსაც არ ატანენ. გაგვაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და იგზავნება მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა ან ადვოკატები. პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს.

გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ და პროცესები გადადეს, რომ ხალხმა ვერ დაინახოს. თვითონ ხუმრობს ხოლმე თავის კალიგრაფიაზე და ახლა უკვე მისი კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია „ქართული ოცნების” ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, რა პანიკაში იქნებიან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა და ნებისმიერ დროს შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ ექიმების სასწრაფო ჩარევა გახდეს საჭირო.

სააკაშვილის ადვოკატმა გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტს გუშინ ექიმების დახმარება დასჭირდა, რადგან მისი სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა.