ნაყოფიერი, რთული და წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა - კახაძე ღარიბაშვილს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ნდობის მისაღებად, ფრაქცია „ქართული ოცნების” სხდომაზე უმრავლესობის წევრები კითხვებს უსვამენ.

„მე მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოგიცხადოთ პირადად თქვენ, თქვენს გუნდს, თქვენს მრავალნაცად და გამობრძმედილ გუნდს. თქვენს ერთიანობას მინდა მივესალმო“, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

ლადო კახაძე სიტყვით გამოსვლისას, სანამ უშუალოდ შეკითხვებზე გადავიდოდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში მადლობას უხდიდა პრემიერობის კანდიდატს.

„თქვენ შეთავაზებულ გზათა შორის ერთი ძალიან კარგად მენიშნა. ჩემთვის, ასაკში მყოფი კაცისათვის იყო ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის სიტყვები – ახალი ეროვნული იდეოლოგია. გახსოვთ, ქართველები ჩემი თაობიდან მოყოლებული, ზოგნი ვიძახდით ყველაზე კარგები ვართ, მაგრამ დადგა პერიოდი და ვთქვით, ყველაზე უარესები ვართ. ეს რა ჩავიდინეთ. ახალი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი, ალბათ, უნდა გახდეს – ჩვენ არავისზე უკეთესები არა ვართ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გახლავართ, ბატონო.

დიახ, ქვეყნის მთავარი ძალა არის უსაფრთხოება. უსაფრთხოება სამი კომპონენტისაგან შედგება – რწმენა, წესრიგი განათლება.

თქვენ, პირადად, ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა. ბევრი საქმის თაოსანი ბრძანდებოდით და არასოდეს ინიციატივის აღების არ შეგშინებიათ. მარტო ელიმინაციის პროგრამა რად ღირს, ან თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროკავშირთან ჩვენს პირველ ნაბიჯებს“, – მიმართა მან ირაკლი ღარიბაშვილს.

ლადო კახაძემ ორი შეკითხვა დაუსვა პრემიერობის კანდიდატს – რას შეცვლის მისი პრემიერობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში და ასევე, როდის იქნება ქვეყანაში ვაქცინა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენი მოსვლა პერმიერ-მინისტრის პოსტზე ამ პანდემიის დროს, ძირითადად.  როგორ ხედავთ, რა არის შესაცვლელი. რაღაცა არის აშკარად შესაცვლელი. პანდემია გლობალური პრობლემაა და დღეს დედამიწა საავადმყოფოში იმყოფება, მაგრამ ყველა პაციენტი ყოველთვის ფიქრობს, როგორ დატოვებს პალატას, როგორ გამოვა გარეთ“ – ჰკითხა ლადო კახაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.