ნაზი ჯანეზაშვილმა მის შესახებ ალეკო ელისაშვილის განცხადებას ამაზრზენი უწოდა

პუბლიკა

იუსტიციის არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ამაზრზენი უწოდა მის შესახებ ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას. ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ჯანეზაშვილის განცხადებები ანა დოლიძეზე გვრიტიშვილის განცხადებებს ემთხვევა.

ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრობა უნდა დატოვოს, რადგან კანონით, საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

ნაზი ჯანეზაშვილმა ალეკო ელისაშვილის დღევანდელი განცხადება ტვ „პირველის“ ეთერში შეაფასა.

„მე მინდა გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილს, რომელმაც დღეს ჩემ შესახებ ისაუბრა. ძალიან მიკვირს რომ ელისაშვილი, რომელმაც სასამართლოს თემა არ იცის და ჩემგან გაიგო სასამრთლოში არსებული პრბლემები, მე მახსენებს, რომ თითქოს გვირიტიშვილთან უნისონში ვსაუბრობ. ეს სრულიად ამაზრზენია ჩემთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ინფორმირებული არ არის, რა გავაკეთე მე იუსტიციის საბჭოში და ვინ იყვნენ კლანის წევრები, რომლებმაც სასამართლოს ზიანი მიაყენეს.

მან აღნიშნა, თითქოს მე მის ოფისში დავდიოდი. ის არის მატყუარა, როდესაც ამას ამბობს. მე არავის ოფისში არ დავდიოდი. ეს ერთადერთი საჯარო შეხვედრა იყო, სადაც მე და ანა ვხვდებოდით პოლიტიკოსებს იუსტიციის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის თემაზე“ – განცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად ის ანა დოლიძესთან ერთად არაერთ სხვა პოლიტიკოსსაც შეხვდა და  ელისაშვილის ოფისში გამართული შეხვედრა 2019 წელს იყო ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა.

15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანა დოლიძის მიერ  სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნებამ საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით,რაც  შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

16 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები.