NDI-იმ საზოგადოების განწყობების კვლევა გამოაქვეყნა. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 40% პასუხობს, რომ არცერთი. 23% „ქართული ოცნებას“ ასახელებს. 14% უარს ამბობს პასუხზე. ენმ-ს ასახელებს 7%, სხვა პარტიებს კი [„ევროპული საქართველო“, „გირჩ- მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმშენებელი“] – ჯამში გამოკითხულთა 7% ასახელებს.
ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წლის თებერვალში 2020 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მათ შეხედულებებთან ახლოს დგას. ენმ-ს 2020 წლის დეკემბერთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი ასახელებს.
2021 წლის თებერვლის გამოკითხვით „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 23% ასახელებდა. 2020 წლის დეკემბერში კი 31% ამბობდა, რომ ეს პარტია მათ შეხედულებებთან ახლოს იდგა. ენმ-ის შემთხვევაში 2020 წლის დეკემბერში 5% ამბობდა, რომ პარტია მათ შეხედულებებთან დგას ახლოს. თებერვალში კი ეს რიცხვი 7 %-მდეა გაზრდილი. შემცირებულია სხვა პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობაც. 2020 წლის დეკემბერში ამ პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა 9% იყო. 2021 წლის თებერვალში 7 %-ია.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.4%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.