„ეროვნულ-დემოკარტიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას?“ ამომრჩეველთა 59% გადაუწყვეტელია; 36%-ს გადაწყვეტილი აქვს, 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევით, თუ 2020 წლის აგვისტოში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 59%-ია, 2019 წლის ნოემბერში 56% იყო, 2019 წლის ივლისში 57%, აპრილში კი – 60%.
ამავე კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „როგორ ფიქრობთ, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში?“ ამომრჩეველთა 30% ფიქრობს, რომ უმთავრესი პრობლემაა ამომრჩეველთა მოსყიდვა, 27% პასუხობს, რომ არ იცის, 15% – დარღვევები ხმის მიცემის პროცესში, მათ შორის, ე.წ. კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა და ა.შ.), 14%-ის აზრით კი, დაბრკოლება არ არსებობს.
შეკითხვაზე: „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას: 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება“ ეროვნული მასშტაბით, აღნიშნულ მოსაზრებას 56% ეთანხმება, ხოლო 28% არ ეთანხმება.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.