ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ რწმენა იცავს მათი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით ინფიცირებისგან. გამოკითხულთა 38% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 9% კი აღნიშნავს, რომ არ იცის.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.
მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია; 17%-ის აზრით კი ასეთი მდგომარეობა ძირითადად, ჩვენი გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. გამოითხულთა 6% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 4%-მა კი პასუხად „არ ვიცი“ მიუთითა.
მეთოდოლოგია:
მოსახლეობის გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველომ“ ჩაატარა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუსჯგუფების მეთოდოლოგია.
სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. გამოპასუხების მაჩვენებელი 35%-ია.
რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.
ფოკუსჯგუფების ნაწილში სულ 10 ფოკუს ჯგუფი საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. საველე სამუშაოების პერიოდი 24-30 ივნისია.
ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს შორის იყო შერეული ასაკი, სქესი და დასამქების სტატუსი.
ND-ის მიხედვით, მონაწილეთა შერჩევა ორი მეთოდით მოხდა: 1. CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და მე-2: „თოვლის გუნდის“ მეთოდით.
ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.