NDI: მოსახლეობის 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა (83%) ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია, ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. კითხვაზე – ბოლო 12 თვეზე რომ დაფიქრდეთ, თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს გიფიქრიათ თუ არა, რომ მიგემართათ ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის, მოქალაქეების 86% პასუხობს, რომ არ უფიქრია,  12% კი ამბობს, რომ უფიქრია მიემართა სპეციალისტისთვის.

„იმ 12%-დან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება”, – ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხვის მიხედვით, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (57%) ამბობს, რომ არ იცის, ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდება.

მოსახლეობის უმრავლესობა (90%) მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა ფარავდეს.

NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობა შეირჩა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.