NDI-მ საქართველოში არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო

პუბლიკა

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო.

მათი ინფორმაციით, დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს.

დელეგაციას გაუძღვებიან: ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.

„საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებსა და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან.

დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედია-გარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.

არჩევნების დღეს, საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება. არჩევნების შემდეგ მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს.