NDI: უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა

პუბლიკა

NDI კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

კვლევისას დაისვა შეთითხვა, თუ რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა.

სამ ყველაზე დიდ პრობლემაში მოხვდა ასევე მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია და უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური.

მოქალაქეებისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს მაღალი ფასი წიგნებსა და სასწავლო მასალებზე, წიგნების დაბალი ხარისხი და ა.შ.

კვლევის თანახმად, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად თბილისელები აფასებენ.

მცირედი სხვაობაა ქალებსა და კაცებს შორის: განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.

კვლევის მეთოდი:

NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოხდა. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.