ნდობის დეფიციტი ჩამოყალიბდა. იყო ღალატი - მელია იხსენებს 3 მოვლენას, როდესაც ერთობა ვერ შედგა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის მიერ საერთო სიის ფორმირება და პრაიმერისი არარაციონალურია.

„მთავარი არხის“ ეთერში მან ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებს შორის ნდობის არარსებობასა და საერთო იდეის გარშემო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, გაერთიანების პროცესის დასაწყებად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, რა მისიით ერთიანდებიან და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არა 4-5, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია.

ნიკა მელიამ გაიხსენა სამი მოვლენა, როცა ოპოზიცია თავიდან გაერთიანდა, მაგრამ პროცესი ჩაიშალა.

მელიამ ასეთ მაგალითებად 2019 წლის 20 ივნისი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი აქციები და 2021 წელს მიმდინარე მოვლენები დაასახელა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა.

„ბევრს საუბრობენ ერთობაზე, ურთიერთგაგებაზე. არც ერთ ამ სამ შემთხვევაში ელემენტარული ხარისხის ერთობაც კი არ… ყოველთვის იპოვა ბიძინა ივანიშვილმა შიგნიდან ადამიანი, ვინც გატეხა ოპოზიციურ-საზოგადოებრივი მოძრაობა. მიღებული მაქვს ეს გამოცდილება“, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ წარსულში მიღებულმა გამოცდილებამ მასაც და მის პარტიასაც სიფრთხილე ასწავლა.

„როცა შუაგულ ბრძოლის ველზე ხარ და თითქმის მოპოვებულ გამარჯვებას ვიღაცა ხელიდან გაგდებინებს, ალბათ, არ გაგვემტყუნება არც მე და არც „ნაციონალურ მოძრობას”, რომ ფრთხილები ვართ.

…ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე, ძალიან მჯერა, გარკვეულწილად არათუ ვვარაუდობ, არამედ ვფლობ ინფორმაციას, მალე იქნება საკითხი, რომელიც კატალიზატორის როლს შეასრულებს, იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ან ერთი, ან ორი, ან სამი, სადაც ჩვენ მართლა მოგვიწევს თავდადება. ვხედავ, ვგრძნობ, ვემზადები, ვიცი. სხვადასხვა საკითხს ეხება, რომელიღაცა ერთი იქნება“, – ამბობს მელია.

წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ენმ გაერთიანებას ოპოზიციასთან და წარსული გამოცდილების საფუძველზე ვისთან არ აპირებს, ვისაც არ ენდობა, მელია პასუხობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ნდობის დეფიციტი ნამდვილად ჩამოყალიბდა.

ნიკა მელიას თქმით, პარტია ენდობა ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც სურს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, თანამშრომლობა და ფართო ერთიანობა მნიშვნელოვანია, ოღონდ იმ ადამიანებთან, რომლებიც სანდო თანამებრძოლები არიან.

„ნდობის დეფიციტი ჩამოყალიბდა ნამდვილად, თან თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელმაც… ეს არ ნიშნავს… პოლიტიკოსი როდესაც ხარ, წყენა უნდა გადადო, წყენაზე არ არის საუბარი, პოლიტიკაში პოლიტიკოსს წყენა არ უნდა გაჰყვეს, სხვაგვარად ეროვნული ინტერესი ან ის მთავარი, რასაც ემსახურები, მიუღწეველი იქნება, მაგრამ როდესაც ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი და რისთვისაც იბრძოდი, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებს ადამიანი და მერე მთელ ენმ-ს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, გაჩნდა დიახაც, უნდობლობის ხარისხი ძალიან დაქვეითდა.

ჩვენ ვენდობით ყველა იმ ადამიანს, ვინც გულწრფელად არის მზად, იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არის და ვინ არა?!

რისთვის ვერთიანდებით, რა მისიისთვის? რატომ არის საუბარი მხოლოდ 4 და 5 პარტიაზე? ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი ტიპის არჩევნებისთვის შესაბამისი გარემო, დავასრულოთ პოლიტპატიმრების ერა და შევცვალოთ რეჟიმი. თუ ამ საკითხების გარშემო ვაპირებთ გაერთიანებას, ჯერ ერთი უნდა მითხრა და არ უნდა მესმოდეს ეს გადაცემიდან, მაგრამ რატომ ვზღუდავთ 4-5 პარტიას, როცა არსებობს სხვა ბევრი პარტია? რატომ არ უნდა ვესაუბროთ, პირობითად, შალვა ნათელაშვილს?“, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაერთიანების ინიციატორებს: ჯაფარიძეს, ვაშაძესა და ხოშტარიას მასთან სათანადო კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ზურაბ ჯაფარიძე მე ვნახე ბაკურიანში შემთხვევით, სადაც გადავილაპარაკეთ, ერთ-ერთ ადამიანს სასამართლოს ეზოში ელაპარაკებოდა. ახლა პანაშვიდზე თუ შემხვდება და გადაელაპარაკები, სანამ მიცვალებულს წრეს დაარტყამ და მიცვალებულს პატივს მიაგებ, არ არის ეს სერიოზული პოლიტიკური საუბარი.

თანამშრომლობას სხვა დატვირთვა აქვს, როდესაც ბრძოლაში მიდიხარ და როდესაც მეუბნები, რომ პრემიერობის კანდიდატი შევარჩიოთ, სიაზე ჩამოვყალიბდეთ, პრაიმერისი ჩავატაროთ, არარაციონალურია ამ ეტაპზე, მით უფრო, რა პრინციპით ირჩევა 3 პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ღალტი იყო 2021 წელს საპროტესტო მუხტის გაქრობა, რის შემდეგაც ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

„ისე მიგყავთ საუბარი, თითქოს რომელიღაც ეტაპზე ან თავგანწირვა დააკლო „ნაციონალურმა მოძრაობამ”, ან თავდადება… გითხარით, ჩემდა სამწუხაროდ, განსაკუთრებით ერთხელ, როგორც არასდროს, ახლოს ვიყავით ვადამდელ არჩევნებთან. იყო ღალატი? იყო ღალატი და ამ ადამიანებთან აღარ ვაპირებდი… გადაავლეთ თვალი, რა ხდებოდა, როდესაც ციხეში შევედი და რა ხდებოდა გარეთ“, – განაცხადა მელიამ.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა ღალატად მიაჩნდა, რატომ მოაწერა პარტიამ მიშელის დოკუმენტს ხელი და შევიდა პარლამენტში, მელია აცხადებს, რომ როცა ყველა შევიდა, ერთი პარტიის გარეთ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, თან, მისი თქმით, ენმ-ს პარლამენტში შესვლას საზოგადოებაც მოითხოვდა.

„იმაზე დაგისვამთ შეკითხვა, როდესაც ნიკა მელია ციხეში იყო, თქვენ პარლამენტში რატომ შეხვედითო?! ამ კითხვას რომ მისვამთ, ციხიდან რომ გამოხვედი და ნახევარი ოპოზიცია პარლამენტში იყო, ნიკა პატიმარი როდესაც იყო, დაგისვამთ კითხვა, რატომ შევიდნენ პარლამენტში? აღარ უნდა შევსულიყავით ჩვენ იმის მერე როდესაც  ბრძოლის ერთი პლატფორმა… ბოიკოტი დარღვეული იყო. ვინც შევიდა, მოღალატე არავისზე მითქვამს, კონკრეტული ადამიანი, ვინც მოკლა მუხტი და ფორვარდები ჰყავდა ამ პროცესს“, – განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მოლოდინი აქვს, რომ „უპერსპექტივო რეალობა პერსპექტიულ რეალობად“ გადაიქცევა.

„არიან ადამიანები, თქვენს ეთერში მოდიან, ჰალსტუხს გაიკეთებენ, პატივისცემა მათ, 2020 წლამდე აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ, პოლიტიკოსები იყვნენ, წავიდნენ ისევ რომ ბიძინა ჯერ კიდევ  ჩვენ ცხელი კარტოფილის სახით ხელში გვაქვს, მანამდე ხელისუფლებაში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციიდან მოუგო ბიძინა ივანიშვილმა, ახლა ძალიან საინტერესო პროფესიას არიან დაუფლებულნი და ექსპერტობენ და აკრიტიკებენ ენმ-ს, მათ შორის, ახალ თაობას, ხალხო! ვინც შემოუერთდა 2012 წლიდან და ვინც დაგვხვდა ბირთვი… მივიღო ეს პრეტენზია? ხვალ რომ წავიდე სახლში, დაგიტოვოთ ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში, ნიკა გვარამია პატიმრობაში, 2 თვეში გამოვცხადდე თქვენთან და ვაკრიტიკო ოპოზცია – ჩემთვის ეს იქნება მორალური დაცემის მაგალითი.

ამიტომ მიკვირს. ჩვენ არ გვაქვს, ერთი ხელით და რიტორიკითაც აღარ ვსაუბრობთ ერთობაზე, პოლიტიკურ-იდეურ ერთობას წინ არაფერი უდგას, მაგრამ თქვენ მესაუბრებით ტექნიკურ ერთობაზე და  ტექნიკური ერთობა არაფერში მჭირდება.

ის კონცეფცია, უბრალოდ, მიზანს არ ემსახურება. თანამშრომლობა როგორი უნდა, მიჩვენებია და ვაჩვენებთ“, – განაცხადა მელიამ.