ნებაყოფლობითი კერძო პენსია - რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა

პუბლიკა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტს.

კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზების და განხორციელების საკითხებს, მათზე ზედამხედველობას და განსაზღვრავს სქემებში მონაწილეობის წესებს, პირობებს და მონაწილეთა დაცვის გარანტიებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ კანონპროექტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა და ის ევროდირექტივასთანაა შესაბამისობაში.

ვის შეუძლია ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში მონაწილეობა

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს სისტემა სავალდებულო დაგროვებითი სახელმწიფო პენსიისგან არის გამიჯნული, დამოუკიდებელი მექანიზმი და მისი მთავარი მახასიათებელია ის, რომ მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეების და რეზიდენტი პირების ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა.

„ეს გულისხმობს, რომ დამატებით სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში მონაწილეობისა, ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, რომ ამოირჩიოს კერძო საპენსიო სქემა, რომელშიც მოახდენს გარკვეული პირობებით დანაზოგის განხორციელებას.

კანონპროექტი მაქსიმალურად მოქნილია იმისთვის, რომ ყველას, მიუხედავად მათი დასაქმების სტატუსისა, მიეცეს შესაძლებლობა კერძო ნებაყოფლობით საპენსიო სქემაში მონაწილეობისა“, – თქვა მან.

სქემა შეიძლება იყოს ორი სახის – ინდივიდუალური და ჯგუფური.

ნადარეიშვილის თქმით, ინდივიდუალური საპენსიო სქემის დაფუძნება და რეგისტრაცია ხდება აქტივების მმართველი კომპანიის ან სადაზღვეო კომპანიის მიერ და ასეთ სქემაში მონაწილეობას შეძლებენ როგორც დასაქმებული ფიზიკური პირები, ასევე თვითდასაქმებულები და სხვა ფიზიკური პირები.

რაც შეეხება ჯგუფურ საპენსიო სქემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს განპირობებულია დასაქმების კატეგორიას და მათი დაფუძნება შეეძლება რამდენიმე პროფესიული მიმართულების ჯგუფს: დამსაქმებლებს (კერძო და საჯარო სექტორი); დამსაქმებელთა გაერთიანებებს; დასაქმებულთა გაერთიანებებს; პროფესიულ ორგანიზაციებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯგუფური სქემის დაფუძნების ორი მექანიზმი: როცა სქემის ინიციატორი ჯგუფი აფორმებს ხელშეკრულებას აქტივების მმართველ კომპანიასთან ან სადაზღვეოსთან და მარეგულირებელი არეგისტრირებს საპენსიო სქემას და მეორე – საპენსიო სქემის ინიციატორს თუ აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა სქემის ადმინისტრირებაში, აფუძნებს საპენსიო კომპანიას, ხოლო საპენსიო კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას აქტივების მართვის ან სადაზღვეო კომპანიასთან საინვესტიციო ნაწილის განხორციელების მიმართულებით.

კერძო საპენსიო სქემა ექვემდებარება რეგისტრაციას და ზედამხედველობას. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს კანონთან შესაბამისობას და აწარმოებს ყველა საპენსიო სქემის რეესტრს.

ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ თითოეულ საპენსიო სქემას ექნება ერთი ან მეტი საპენსიო ფონდი, რომელიც აკუმულირებული აქტივების ერთობლიობაა და აქვს დეტალური და ინდივიდუალური საინვესტიციო წესები.

„უფრო მარტივად რომ მოგახსენოთ, თითოეულ საპენსიო სქემაში იქნება ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა რისკის და სხვადასხვა საინვესტიციო პოლიტიკის და შინაარსის მატარებელი საპენსიო ფონდი, შესაბამისად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი შენატანები მათი სურვილის მიხედვით გადაანაწილონ ამ სხვადასხვა რისკის მატარებელ პორტფელებს შორის“, – განმარტა მან.

კანონპროექტი გულისხმობს მხოლოდ განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემას (defined contribution), როდესაც სქემა წინასწარ განსაზღვრავს შენატანის ოდენობას.

საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული პენსია განისაზღვრება მხოლოდ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული საპენსიო აქტივებით და მის მიერ შერჩეული პენსიის გადახდის გრაფიკის შესაბამისად და არ არის დამოკიდებული სხვა ფაქტორებზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში შესაძლებელია შენატანი განახორციელოს დამსაქმებელმაც. დამსაქმებლისა და დასაქმებულის შენატანები უნდა იყოს შეთანხმებული მხარეთა შორის. შეთანხმება შესაძლებელია ითვალისწინებდეს, რომ დასაქმებული არ განახორციელებს შენატანებს.

დამსაქმებლისა და დასაქმებულის შენატანების ოდენობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ხელფასის პროცენტული მაჩვენებელი ან თანხის ნომინალური მოცულობის სახით.

დასაქმებულის მიერ განხორციელებული შენატანები წარმოადგენს მის საკუთრებას ასეთი შენატანების განხორციელების მომენტიდან, ხოლო ჯგუფური საპენსიო სქემის შემთვევაში, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის შენატანებს, თითოეულ პირად საპენსიო ანგარიშზე განთავსებული საპენსიო აქტივების ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია მონაწილის საკუთრებაში გადადის საპენსიო ასაკის მიღწევის, ვადამდე პენსიაზე გასვლის, შესაძლებლობის შეზღუდვის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ დამსაქმებელს შეუძლია საპენსიო სქემაში მონაწილეობა გახადოს სავალდებულო, როგორც შრომითი ანაზღაურების ნაწილი, რა შემთხვევაშიც გაწევროიანება გახდება სავალდებულო ყველა დასაქმებულისთვის. ასეთ შემთხვევაში საპენსიო შენატანებს დასაქმებულთა სასარგებლოდ განახორციელებს დამსაქმებელი.

აუცილებელია, ყველა საპენსიო სქემას ჰყავდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც საპენსიო აქტივების შემნახველია და ეს არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებადი, რეგულირებადი საქმიანობა და ეს სუბიექტიც მკაცრ რეგულურებას დაექვემდებარება.

მინისტრის მოადგილის თქმით, კერძო საპენსიო სქემის სფეროს საზედამხედველო ფუნქციები თავმოყრილი იქნება ერთ ზედამხედველში და მას წარმოადგენს სახელმწიფო დაზღვევის საზედამხედველო სამსახური.

საგადასახადო შეღავათები

კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემა გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისგან წლიურად 6000 ლარამდე შენატანზე; საპენსიო აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან და პენსიის მიღების ნაწილშიც განთავისუფლდება გადასახადისგან.

საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით პენსიის გატანა შესაძლებელია თუ:

  • მონაწილე მიაღწევს საპენსიო ასაკს;
  • ოფიციალურ საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე, თუ ამას ითვალისწინებს სქემა
  • მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ხდება სამართალმემკვიდრის მიერ გატანა
  • მკვეთრად გამოხატული ქმედუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში.

ტექნიკურად, პენსიის მიღების სამი გზა არსებობს:

  1. პროგრამული გატანა, რომელიც გულისხმობს დაგროვილი საპენსიო აქტივების საშუალო სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გადანაწილებას;
  2. ერთიანი გატანა, თუმცა ვინაიდან საპენსიო დანაზოგი სრულად არ მოემსახურება პენსიის უზრუნველყოფას, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება ის;
  3. მზღვევლისგან ანუიტეტის (არის სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც პერიოდულობით თანაბარი მოცულობის შენატანების გაკეთებას გულისხმობს) შესყიდვა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ვადაზე ადრე საპენსიო დანაზოგის გატანას, თუმცა სქემის მონაწილე დაკარგავს ყველა საგადასახადო შეღავათს.

კანონპროექტს გააჩნია 15 სხვადასხვა კანონში თანმდევი ცვლილება და მას პარლამენტმა 80 ხმით პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.