„ნებისმიერი ფორმით პასუხი ბინძური თამაშების მონაწილედ მაქცევს“ – მიტროპოლიტის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი

პუბლიკა

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თქმით, ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებში ჩართვა არ სურს და ზოსიმეს მიმართ ბრალდებაზე საუბარს არ აპირებს. ამის შესახებ წერილი მან ტელეკომპანია „ფორმულას“ გაუგზავნა.

„31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია.

შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება (სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია) მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს.

არ მინდა, გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მით უმეტეს, რომ, დიდი ხანია, ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი, რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში… მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს… ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს“, – წერს სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

31 წლის წინ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე ინფორმაცია მღვდელმა გიორგი სხილაძემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ დუშეთის ამჟამინდელმა მიტროპოლიტმა ზოსიმემ 1988 წელს, როდესაც სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სვეტიცხოვლის რეზიდენციაში სექსუალურად იძალადა ერთ-ერთ სტუდენტზე, კ.კ.-ზე.

მღვდელი გიორგი სხილაძე აცხადებს, რომ სტუდენტებმა მაშინდელი რექტორი ამხილეს და ხელწერილი დააწერინეს, პატრიარქმა ბრალმდებლები და ბრალდების ადრესატი „დაბარება-გამოკითხვის გარეშე სასწავლებლიდან გარიცხა“, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ზოსიმე კი მოგვიანებით ორჯერ დააწინაურა.

დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 31 წლის წინ სასულიერო აკადემიაში თავისი რექტორობის დროს მომხდარი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც მაშინ აკადემიის სტუდენტები იყვნენ, მას ცილს სწამებდნენ.