ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - კობახიძე

პუბლიკა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა საკუთარი სარწმუნოების, ქრისტიანობის დასაცავად. ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს. ამიტომ, ყველა დამპყრობელი თავის პირველ ამოცანად ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე შეტევას ისახავდა მიზნად. ბოლოს ამას აკეთებდნენ საბჭოთა ბოლშევიკები, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ და მორწმუნეებს ლოცვას უკრძალავდნენ. თუმცა, საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ქრისტიანობა დაიცვა და შეინარჩუნა.

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გამოწვევები მსგავსია იმისა, რომელთა წინაშეც საქართველო საუკუნეების განმავლობაში იდგა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს გამოწვევები დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევებად იქცა, რომლებიც რისკებს თანაბრად უქმნის როგორც პატარა, ისე ყველაზე დიდ ქვეყნებსა და ერებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მან სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ე.წ. ლიბერალების მიზნებზე და გაავრცელა პროპაგანდისტული და კონსპირაციული მოსაზრებები.

„ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ. ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით – მამული, ენა, ერთობა შეცვალეს და ამოიღეს რელიგია, რწმენა ამ სამებიდან”, – განაცხადა კობახიძემ.